English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ რევაზ ჯავახიშვილი
ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს გამოცდილება

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.04.Revaz.Javakhishvili

ანოტაცია. ნაშრომში გაანალიზებულია, აშშ-ს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცალკეული ეტაპების მიხედვით, ეკონომიკური უსაფრთხოებისადმი ქვეყნის ადმინისტრაციის განსხვავებული მიდგომები. მასში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის, დაბეგვრისა და გადასახადების სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლებიც გამიზნული იყო ეროვნული საქონელმწარმოებლების, შიდა ბაზრისა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ნაშრომში ხაზგასმულია იმის შესახებ, რომ სადღეისოდ აშშ არის მსოფლიოში ყველაზე მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყანა, რაც წარმოადგენს მისი ეკონომიკური უსაფრთხოების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს. იგი ქმნის მსოფლიო მშპ-ს თითქმის მეოთხედს (24.4%), გააჩნია მდიდარი ბუნებრივი რესურსები, მძლავრი ენერგეტიკული ბაზა და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის ყველა მაღალგანვითარებული დარგი, რაც სათანადო პირობებს ქმნის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური საფრთხეები, ეკონომიკური უსაფრთხოება, სავაჭრო პოლიტიკა, სავაჭრო დეფიციტი, საგადასახადო ტვირთები, ექსპორტის დივერსიფიკაცია.

შესავალი

ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემას დიდი ყურადღება ექცეოდა აშშ-ს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყველა ეტაპზე. ტერმინი „ეროვნული უსაფრთხოება“ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ბრუნვაში პირველად შემოიტანა აშშ-ს პრეზიდენტმა თ. რუზველტმა 1904 წელს. 1934 წელს კი აშშ-ში შეიქმნა ეკონომიკური უსაფრთხოების პირველი სამთავრობო კომიტეტი, რომლის ფუნქციონირების მთავარი მიზანი იყო სახელმწიფოში სოციალური მდგომარეობის სტაბილიზაცია [10].

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპად იქცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა 1947 წელს პრეზიდენტმა ჰ. ტრუმენმა ხელი მოაწერა და ქვეყანაში მიღებულ იქნა კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ. ამ კანონის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს ევალებოდა პერიოდულად კონგრესისთვის წარედგინა მოხსენება, სადაც განსაზღვრული იქნებოდა აშშ-ს პოლიტიკის მიზნები, ამოცანები და ზოგადი სურათი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. 1984 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ მიღებულ კანონში დაზუსტდა ამ დოკუმენტის წარდგენის პერიოდულობა, რაც იმით გამოიხატა, რომ მისი წარდგენა სავალდებულო გახდა ყოველწლიურად. ბ. კლინტონის პრეზიდენტობის დროს კი აშშ-ს მთავრობაში შეიქმნა ეროვნული კომიტეტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება [10].

აშშ-ს სახელმწიფო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცალკეული ეტაპების მიხედვით, ქვეყნის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ მიდგომები იცვლებოდა და გარკვეულწილად ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. რ. რეიგანის პრეზიდენტობის დროს, ამ მხრივ, წინა პლანზე იყო წამოწეული მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოების მიღწევისა და მშვიდობის დამყარების ძალისმიერი კონცეფცია, რომელიც უფრო მეტად ეფუძნებოდა ქვეყნის სამხედრო ძლიერებასა და მის მისაღწევად უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას. ამერიკაში რ. რეიგანის მმართველობის პერიოდში, ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგია ორჯერ იქნა განხილული და მასში ცვლილებები შეტანილი. 1987 წელს მას დაემატა სპეციალური განყოფილება, რომელიც ეძღვნებოდა მსოფლიო ეკონომიკასა და საერთაშორისო საფინანსო სისტემაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რეგიონალურ და გლობალურ შეთანხმებებში აშშ-ს პოზიციების განსაზღვრას [9].

პრეზიდენტ დ. ტრამპის მმართველობის პერიოდში, 2017 წელს წარმოდგენილი უსაფრთხოების სტრატეგიაში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ოთხ ძირითად საკვანძო სფეროს: 1. ქვეყნისა და ამერიკელი ხალხის ცხოვრების წესის დაცვა; 2. ამერიკის კეთილდღეობის უზრუნველყოფა; 3. ძალისიერი საშუალებებით მშვიდობის შენარჩუნება; 4. მსოფლიოში ამერიკული გავლენის გაფართოება.

აღსანიშნავია, რომ თუ მანამდე არსებული ადმინისტრაციების მიერ ეკონომიკური საფრთხეების ანალიზი და შეფასება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალკ-ცალკე ხორციელდებოდა, დ. ტრამპის ადმინისტრაცია კი მათდამი მიდგომას ახდენდა კომპლექსურად, რაც საშუალებას იძლეოდა ეკონომიკური საფრთხეების გამოვლენის უფრო სრული სურათის ჩვენებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მიღწევისთვის. ასეთი მიდგომებით დადგინდა, რომ ზოგჯერ ცალკეულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტი საფრთხის შემცველი იყო, ვიდრე მათი სამხედრო შესაძლებლობები. გაირკვა, რომ ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკა და არსებული სავაჭრო მექანიზმები საკმარისი არ იყო მისი ეკონომიკური უსაფრთხოების საჭირო დონის უზრუნველყოფისა და მსოფლიოში აშშ-ს პოზიციების განმტკიცებისთვის. ამის გათვალისწინებით, საჭირო გახდა ეროვნული კომპანიებისა და ამერიკელი საქონელმწარმოებლების მხარდაჭერის, უცხოური კონკურენციისგან ქვეყნის შიდა ბაზრის დაცვის, მზა პროდუქციასა და სანედლეულო მასალებზე იმპორტდამოკიდებულების მაღალი რისკის შემცირების დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.

იმის გამო, რომ აშშ ძალზე გახსნილია უცხოელი სავაჭრო პარტნიორებისთვის, რომლებთანაც მას აქვს მწვავე კონკურენციული ბრძოლა, ქვეყანაში გატარდა უცხოელი კონკურენტებისგან აშშ-ს შიდა ბაზრის დაცვის უპრეცედენტო ღონისძიებები. პრეზიდენტის დონეზე განხორციელდა კვლევები საზღვარგარეთის ქვეყნებზე ამერიკული ეკონომიკის დამოკიდებულების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი სახის პროდუქციასთნ დაკავშირებით, როგორიცაა ფოლადი, ალუმინი და სხვ. აღმოჩნდა, რომ იმდროისთვის ქვეყანაში არსებობდა მხოლოდ ერთი მწარმოებელი ისეთი მნიშვნელოვანი სახის პროდუქციისა, როგორიცაა ფოლადი, რომელიც გამოიყენებოდა ელექტრონული ტრანსფორმატორების საწარმოებლად, პირველადი ალუმინის მოთხოვნის 90% კი ქვეყანაში კმაყოფილდებოდა იმპორტის ხარჯზე.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ამ სფეროში არსებული ვითარება მნიშვნელოვან ზარალს აყენებდა ამერიკელ საქონელმწარმოებლებსა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, რის გამოც გადაისინჯა აშშ-ს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა და მისი განხორციელების მექანიზმები. კერძოდ, ზემოაღნიშნული სახის პროდუქციაზე დაწესდა ახალი საბაჟო გადასახადები, შეიცვალა მათი მიწოდების გეოგრაფია და სხვ.

ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, ანალოგიური კვლევები განხორციელდა მრეწველობის სხვა დარგებშიც. კერძოდ, საავტომობილო მრეწველობაში აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოვლინდა ეროვნული საავტომობილო მრეწველობის/ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი საკვანძო სექტორის/ განვითარების სერიოზული ეკონომიკური საფრთხეები, რომლებიც შეეხებოდა დამატებული ღირებულების წარმოებას, ინოვაციებს, დასაქმებას, საავტომობილო მრეწველობის პროდუქციაზე ეკონომიკის სხვა დარგებისა და სფეროების მოთხოვნას. გარდა ამისა, აღინიშნა იმის შესახებ, რომ ამერიკის „სამხედრო უპირატესობა“ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საავტომობილო მრეწველობისა და მის მიერ გენერირებული დამუშავებებისა და გამოკვლევების კონკურენტუნარიანობაზე და რომ ევროკავშირის, იაპონიის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სავაჭრო ბარიერები სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხეებს უქმნიან ამერიკელ ავტომწარმოებლებს.

გაირკვა, რომ ბოლო პერიოდში ამერიკულ ავტობაზარზე ქვეყანაში წარმოებული ავტომობილების ხვედრითი წილი სისტემატურად მცირდება და იგი ამჟამად შეადგენს მხოლოდ 22%-ს, რის გამოც შესუსტდა ქვეყნის საავტომობილო მრეწველობაში სათანადო გამოკვლევებისა და დამუშავებებისთვის საჭირო სახსრების დაბანდების შესაძლებლობები. ეს კი, რა თქმა უნდა, დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგის, მდგრად და უსაფრთხო განვითარებაზე [9].

****

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში განსაკუთერბული ადგილი აქვს დათმობილი ქვეყნის სამრეწველო ბაზის - როგორც „ამერიკული ძლიერების კრიტიკული ელემენტის“ საკითხს. ექსპერტების შეფასებით გამოვლენილია რიგი სანედლეულო მასალების, იშვიათი მეტალების, აგრეთვე, ზოგიერთი ტექნიკური მოწყობილობისა და ტექნოლოგიის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების მაღალი ხარისხი. ამასთან, საიმპორტო მიწოდების დიდი ნაწილი მოდის ჩინეთზე /აშშ-ს მთავარ სავაჭრო კონკურენტზე/, საიდანაც ბოლო პერიოდში  განხორციელდა იშვიათი მასალების საერთო იმპორტის 78% [9].

ქვეყნის წინაშე მდგარი ზემოაღნიშნული გამოწვევების გასამკლავებლად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში დიდი ადგილი დაეთმო ამერიკელი მწარმოებლების მხარდაჭერას, იშვიათი სანედლეულო მასალების საკუთარი წარმოების გაფრთოებას, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და, ამ მხრივ, ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირებას, რამაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს აშშ-ს ეკონომიკური უსაფრთხოების შემდგომ განმტკიცებაში.

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მათი სწორი, მიზანდასახული გამოყენება და აშშ-ს ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური საინვესტიციო კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობა. მონაცემებით დასტურდება, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირებისა, აშშ დაგროვილი უცხოური ინვესტიციების მიხედვით მოწინავე ადგილზე იმყოფება და იგი ითვლება ინვესტიციების მიმღებ ერთ-ერთ მთავარ ქვეყნად მსოფლიოში. ამ მაჩვენებლის მიხედვით /4,6 ტრილიონი აშშ დოლარი/ აშშ-მ გაუსწრო სამ დიდ ქვეყანას /დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი/, რომლებიც ამ მხრივ ასევე ითვლებიან მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებად [9].

ამერიკულ ბაზარზე, პროდუქციის მიწოდებისა და უცხოური კომპანიების მიერ ამერიკული აქტივების შეძენის რისკების კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მოხდა ეროვნული კომპანიების უფლებამოსილების გაფართოება. იმავდროულად, მიღებულ იქნა „კანონი უცხოური ინვესტიციების რისკების განხილვის მოდერნიზაციის შესახებ“, რომლითაც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ქვეყანაში უცხოური საკუთრების შექმნისა და ფუნქციონირების შესაძლებლობები.

სათანადო მონაცემებისა და ფაქტების ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ საგარეო ეკონომიკური ფაქტორები - ახალი ტარიფების დაწესება და აშშ-ს ტერიტორიაზე უცხოური კომპანიების საქმიანობის გადასინჯვა, მიმართული იყო ეროვნული ბიზნესის დასაცავად. ქვეყნის შიგნით კი, უფრო მეტად აქცენტი კეთდებოდა კონკურენტული მექანიზმის სრულყოფაზე, საგადასახადო ტვირთების შემცირებასა და ეკონომიკური სტიმულირების გაძლიერებაზე. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო- ტექნიკური გამოკვლევების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და ინოვაციური საქმიანობის სფეროში აშშ-ს პოზიციების განმტკიცებას, როგორც თანამედროვე გლობალურ სამყაროში კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებელ პირობას, რაც, საბოლოო ჯამში, მიმართული იყო ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დონის ამაღლებაზე.

ბოლო პერიოდში, აშშ-ში სისტემატურად ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებენ კომპანიებისთვის საქმიანობის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ქვეყნის სამრეწველო-ინდუსტრიული ბაზის განმტკიცებასა და სრულყოფას. ამის ნათელი დადასტურებაა ქვეყანაში სლოგანის შექმნა - „შეიძინე ამერიკული“, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ეროვნული წარმოების პროდუქციას პირადი მოხმარებისა და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

სადღეისოდ, აშშ არის მსოფლიოში ყველაზე მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყანა, რაც წარმოადგენს მისი ეკონომიკური უსაფრთხოების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს. 2021 წელს მსოფლიო მშპ-მ შეადგინა 94 ტრილიონი აშშ დოლარი, აქედან 22,9 ტრილიონი (მსოფლიო მშპ-ს 24,4%, ანუ თითქმის მეოთხედი) შექმნა აშშ-მ. ისტორიულად აშშ-ს ხვედრიწილი მსოფლიო მშპ-ში იცვლებოდა ნახტომებისებურად. 1800 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 2%-ს, 1900 წელს - 10%-ს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ - 50%-ზე მეტს. მას შემდეგ ამ მიმართულებით ლოკალურ პიკს ადგილი ჰქონდა 1985 და 2000 წლებში, როცა მან ორივე შემთვხვევაში 32%-ს გადააჭარბა. 2001 წლიდან კი იწყება მსოფლიო მშპ-ში აშშ-ს ხვედრიწილის შემცირების ტენდენცია [4].

საინტერესოა ზოგიერთი მონაცემი მსოფლიო მშპ-ს საპროგნოზო განვითარების შესახებ. თუ 1970 წლის 3 ტრილიონიდან დღემდე მსოფლიო მშპ 30-ჯერ და მეტად გაიზარდა, საპროგნოზო მონაცემებით 2022/23 წწ. იგი გადააბიჯებს 100 ტრილიონინან ნიშნულს და 2025 წლისთვის მიაღწევს 180 ტრილიონ აშშ დოლარს. ამასთან, მნიშვნელოვნად შეიცვლება ცალკეული ქვეყნების მონაწილეობა მსოფლიო მშპ-ს შექმნაში. ამ მხრივ, ძალზე დიდი პერსპექტივა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომლის წილი მსოფლიო მშპ-ში ძალზე სწრაფად იზრდება. იგი 1960-80-იანი წლების 5%-დან 2021 წელს გადიდდა 17,9%-მდე და სადღეისოდ აშშ-ს ანალოგიურ მაჩვენებელს ჩამორჩება 26%-ით. საპროგნოზო მონაცემებით, ამ მხრივ ჩინეთი აშშ-ს გადაასწრებს 2028-დან 2035 წლების მონაკვეთში. ამასთან, აშშ-ს მშპ-ში დიდი ნაწილს იკავებს მომსაურება, წარმოების მოცულობის მიხედვით კი, ჩინეთი უკვე უსწრებს აშშ-ს და გვევლინება ლიდერ ქვეყნად ფოლადის, ელექტროტექნიკისა და რობოტოტექნიკის წარმოების დარგში. მშპ-ს მსყიდველობითი უნარიანობის პაარიტეტის მიხედვით ჩინეთი ითვლება მსოფლიოში პირველ ქვეყნად უკევ 2014 წლიდან [4].

ცხადია, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალკეული ქვეყნების მიხედვით სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეიცვლება ეკონომიკური განვითარებისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიდგომები და ხერხები, მათი განხორციელების საშუალებები.

აშშ-ს ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უკავია მრეწველობას, რომელიც ქმნის ქვეყნის მშპ-ს 22%-ზე მეტს [6]. მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებს შორის ამერიკა დიდხანს იყო ინდუსტრიული განვითარების ლიდერი. თუმცა, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ქვეყნის ინდუსტრიული სექტორი გარკვეულად შემცირდა როგორც საზღვარგარეთ ამერიკული კომპანიების აუთსორინგის შედეგად, ასევე იაფი სამუშაო ძალის მქონე ქვეყნების მხრივ კონკურენციის გაძლიერების გამო.

ქვეყნის სამრეწველო განვითარება ეფუძნება მტკიცე ენერგეტიკულ ბაზას. ამ მხრივ ძალზე დიდია ქვანახშირის მრეწველობის როლი. აშშ-ს ქვანახშირის მოპოვებაში მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ.

ქვეყანა მდიდარია გაზისა და ნავთობის საბადოებით, რომლებიც ძირითადად განლაგებულია ტეხასის შტატში. აშშ-მ 2018 წელს, ნავთობის მოპოვების მოცულობის მხრივ, პირველად დაიკავა მსოფლიოში მე-2 ადგილი /საუდის არაბეთის შემდეგ; რუსეთმა კი ამ მხრივ პირველად წამოიწია მე-3 ადგილზე/, რაც განპირობებული იყო აშშ-ში ნავთობის ახალი საბადოების ამუშავებითა და ფიქალის ნავთობის მოპოვების გადიდებით.

აშშ-ს მსოფლიოში უკავია პირველი ადგილი ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრეებისა (800 მლნ კვტ-ზე მეტი) და გამომუშავებული ელექტროენერგიის მიხედვით, რომლის 60% მოდის თბოელექტროსადგურებზე, 19% - ატომურ ელექტროსადგურებზე, 7% - ჰიდროელექტროსადგურებზე, 6% - განახლებად ენერგიაზე [8].

აშშ-ს მატერიალური წარმოების საფუძველს გადამამუშავებელი მრეწველობა წარმოადგენს, რომლის წამყვანი დარგია მანქანათმშენებლობა და რომლის პროდუქციის დიდი ნაწილი მიდის ექსპორტზე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მანქანა-მოწყობილობების, ავიარაკეტული ტექნიკის, ელექტროგამომთვლელი მანქანების, ატომური ელექტროსადგურების მოწყობილობის, ელექტროტექნიკის და სხვა პროდუქციის მწარმოებელი დარგები. ავტომობილების წარმოების ძირითადი კომპანიები და ცენტრებია: „ფორდი“ (დეტროიტი), „კადილაკი“ (ლენსინგი), „პლიმუტი“ (დეტროიტი), „შევროლე ბიუიკი“ (ფლინტი). საავტომობილო მრეწველობას აკონტროლებს მონოპოლია „ჯენერალ მოტორსი“.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში დიდი გაქანება მიიღო ავიარაკეტულ-კოსმიურმა მრეწველობამ. მანქანათმშენებლობის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია რადიოელექტრონული აპარატურისა და კავშირგაბმულობის ასშუალებათა წარმოება.

ქიმიური მრეწველობა, მანქანათმშენებლობასთან ერთად, გადამამუშავებელი მრეწველობის წამყვანი დარგია, რომელიც ქვეყანაში ზრდის მაღალი ტემპებით ხასიათდება. სტრუქტურულ-სანედლეულო ძვრებმა განაპირობა ჩრდილოეთის შტატებიდან მისი სამხრეთში გადანაცვლება, რომელიც მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით, ნახშირწყალბადოვანი და სამთო-ქიმიური ნედლეულით. სამხრეთის საწარმოები უშვებენ ქვეყანაში წარმოებული პოლიმერული მასალების ¾, ტექნიკური ქიმიკატებისა და სასუქების ნახევარზე მეტს.

აშშ-ს შავი მეტალურგია დაფუძნებულია არა საკუთარი რკინის მადნის მარაგებზე (მისი დაბალი ხარისხისა და მოპოვების მაღალი თვითღირებულების გამო), არამედ კანადიდან და ვენესუელადან შემოზიდულ რკინის მადანზე. ბოლო დროს დიდი გაქანება მიიღო ე.წ. გადამამუშავებელმა მეტალურგიამ, რომელიც დაფუძნებულია რკინის ჯართის გამოყენებაზე.

ფერადი მეტალურგია, მიუხედავად მისი წარმოების მოცულობის შემცირებისა და იმპორტის ზრდისა, მას მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის გადამამუშავებელ მრეწველობაში. მისი საწარმოები განლაგებულია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთის რაიონებში, რომლებიც უზრუნველყოფილია იაფი ენერგეტიკული რესურსებით.

აშშ-ს ეკონომნიკაში მნიშვნელოვანი ადგილი განეკუთვნება მსუბუქი მრეწველობის დარგებს /განსაკუთრებით ტექსტილურ და სამკერვალო მრეწველობას/, რომლებიც უმეტესად განთავსებულია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. აშშ-ში მაღლ დონეზეა განვითარებული კვების მრეწველობა. მისი მნიშვნელოვანი დარგებია: ხორცის, რძის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, საკონსერვო და საფქვავი წარმოება. ქვეყნის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს პოლიგრაფია (ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სან-ფრანცისკო და სხვ.), კინოინდუსტრია - ლოს-ანჯელესი (ჰოლივუდი), ნიუ-იორკი - აუდიო-ვიდეო კასეტების წარმოება [6].

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების /პირველ რიგში, სასურსათო უსაფრთხოების/ უზრუნველყოფაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის სოფლის მეურნეობას. აშშ-ს აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალგანვითრებული სოფლის მეურნეობა, თითქმის ყველა მისი ცალკეული დარგების მიხედვით. ქვეყნის მიწის ფონდი შეადგენს 70 მლნ ჰექტარს, რომლის 20% არის სახნავ-სათესი. აშშ განთავსებულია ზომიერი კლიმატისა და სუბტროპიკულ სარტყელში, სადაც ყველა პირობაა სოფლის მეურნეობის კულტურების, დაწყებული ხორბლისა და სიმინდის და დამთავრებული ბამბის, ციტრუსებისა და შაქრის ლერწმის წარმოებით.

აშშ-ში ხორბალსა და სიმინდს სერიოზულ კონკურენციას უწევს სოიო, რომლის მსოფლიო წარმოების 60% მოდის აშშ-ზე. ქვეყნის მცენარეულ ზეთზე საერთო მოთხოვნის 65%-ზე მეტი იფარება სოიოს ზეთის ხარჯზე. იგი ფართოდ გამოიყენება კომბინირებული საკვებისა და კონცენტრატების წარმოებაში.

აშშ-ს სოფლის მეურნეობაში ბოჭკოვან კულტურათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ბამბას, რომელიც ისტორიულად ითვლებოდა ძირითად საექსპორტო პროდუქტად. თუმცა, ბოლო პერიოდში მისი სათესი ფართობები და წარმოების მოცულობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს განაპირობა ქიმიური ბოჭკოების წარმოების სწრაფმა განვითარებამ და ბევრ ქვეყანაში ბამბის კულტურის წარმოების  გაფართოებამ, სადაც იგი გაცილებით იაფია.

აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია თამბაქოს წარმოებაში, რომელიც უფრო მეტად განვითარებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის შტატებში. მისი ფართობი შედარებით მცირეა, ვინაიდან იგი ძალზე შრომატევადი კულტურაა და თხოულობს დიდი ოდენობით ხელით შრომას. თამბაქოს აწარმოებენ უმეტესად წვრილი ფერმერები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას აწვდიან თამბაქოს ფაბრიკების მქონე მსხვილ მონოპოლიებს.

აშშ-ში შაქარი იწარმოება როგორც შაქრის ჭარხლის, ისე ლერწამისგან. თავისი შაქარი ქვეყანას არ ჰყოფნის და მოთხოვნის 50% კმაყოფილდება პუერტო-რიკოდან, ფილიპინებიდან და სხვა ქვეყნებიდან მისი იმპორტის ხარჯზე.

აშშ-ში ძალზე დიდი ყურადღება ექცევა მეხილეობისა და მებოსტნეობის განვითარებას, რომელიც კონცენტრირდება უმეტესად იმ რაიონებში, სადაც არსებობს მათი წარმოების ხელსაყრელი პირობები /კალიფორნია და ფლორიდა/, რომელთა წილად მოდის მოყვანილი ხილის 70%, ხოლო ციტრუსების - 100%. კარტოფილის წარმოება კი უფრო მეტად ხორციელდება მთიანი დასავლეთის შტატებში.

სახელმწიფო საჭიროებებისა და მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დიდ როლს ასრულებს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგი - მეცხოველეობა, რომელსაც უმეტესად მეხორცული მიმართულება აქვს. სარძევე მიმართულების მეცხოველეობა კი შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

ქვეყანაში სწრაფად ვითარდება მეფრინველეობა და საბროილერო მეურნეობა, რომლის 90% კონცენტრირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის შტატებში. ეს განპირობებულია თბილი კლიმატითა და იაფი სამუშაო ძალით, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ფრინველის გამოზრდის დანახარჯების შემცირებისთვის. საბროილერო მეურნეობა - არის ქვეყნის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიული დარგი, სადაც ძალზე მაღალია წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციის დონე.

აშშ-ს სოფლის მეურნეობაში, ტექნიკური პროგრესის გაღრმავებასთნ ერთად, სისტემატურად ხორციელდება ფერმერების სპეციალიზაციის გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის 90%-ს აწარმოებენ სპეციალიზებული ფერმერები, რომლებიც თავიანთი შემოსავლის ნახევარზე მეტს ღებულობენ ერთი რომელიმე პროდუქტის რეალიზაციის შედეგად [7].

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების განმსაზღვრელ საგარეო ფაქტორთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში. აშშ არის ყველაზე დიდი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში. 2020 წელს მისმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 4,891 ტრილიონი აშშ დოლარი, ანუ ქვეყნის მშპ-ს 21,4%. აქედან ექსპორტი იყო 2 116 მლრდ აშშ დოლარი, ანუ მისი საგარეო ბრუნვის 43,3%, ქვეყნის მშპ-ს 10,1% და მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 11%; ამავე წელს მისი იმპორტი იყო 2 775 მლრდ აშშ დოლარი, ქვეყნის მშპ-ს 13,2% და მსოფლიო იმპორტის 16,4%. 2000-2020 წწ. მისი საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის გაორმაგდა, 2020 წ. კი, წინა წელთან შედარებით, პანდემიის გამო, 13%-ით შემცირდა [5].

აშშ-ს საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მაღალი სავაჭრო დეფიციტი, რომელმაც 2020 წელს 659 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, იგი ზრდის ტენდენციით ხასიათდება 2000-2020 წ.წ. იგი 73,4% გაიზარდა და 2020 წელს ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ შეადგინა მხოლოდ 68,9%. ამერიკულ კორპორაციებს მწვავე კონკურენტული ბრძოლა უხდებათ მსოფლიო მოწინავე სავაჭრო-სამრეწველო კომპანიებთან. ცხადია, კონკურენტუნარიანობის ფაქტორმაც იმოქმედა სავაჭრო დეფიციტის ზრდაზე, რომელმაც 2020 წ. შეადგინა აშშ-ს ექსპორტის 31,1% [5].

ეს მდგომარეობა იმითაც უნდა აიხსნას, რომ აშშ ახდენს დიდი მოცულობით ნედლეულისა და მასალების იმპორტს, ხოლო მის ექსპორტში ჭარბობს მზა ნაწარმი. დეფიციტს, შესაბამისად განაპირობებს შემოტანილი ნედლეულისა და სათბობის ღირებულების, გატანილი მზა ნაწარმის ღირებულებაზე გადამეტება. ამასთან, მისასალმებელია ის გარემოება, რომ დადებითი სალდო ფიქსირდება მეცნიერებატევადი პროდუქციით ვაჭრობაში, რომელ ბაზრზეც აშშ-ს უკავია მსოფლიოში წამყვანი პოზიცია.

საერთოდ კი, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-მ უნდა იზრუნოს სავაჭრო დეფიციტის შემცირებაზე, რაც მიღწეულ უნდა იქნეს ექსპორტ-იმპორტის სასაქონლო სტრუქტურის სრულყოფის, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებისა და ექსპორტის შემდგომი დივერსიფიკაციის საფუძველზე.

დასკვნა

სადღეისოდ აშშ არის ყველაზე მაღალგანვითარებული პოსტინდუსტრიული ქვეყანა, რომელიც წარმატებით გადადის „ზეტექნოლოგიების“ ეპოქაზე. მისი ეკონომიკისთვის დამახასიათებელია ყველა თანამედროვე დარგის კომპლექსური განვითარება და ზრდის მაღალი ტემპები, უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენება, განათლებისა და მოსახლეობის დასაქმების მაღალი დონე. მოსახლეობის 2/3 დასაქმებულია არასაწარმოო სფეროში, 2,7% - სოფლის მეურნეობაში, ხოლო დანარჩენი - მრეწველობაში, მშენებლობაში და ტრანსპორტზე. შრომითი რესურსების ასეთი განაწილება მეტყველებს ეკონომიკის  მაღალი მწარმოებლურობის დონეზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია წარმოებისა და კაპიტალის მაღალი კონცენტრაცია, მონოპოლიების სახელმწიფოსთან შერწყმა და სახელმწიფო-მონოპოლისტური კაპიტალიზმის სწრაფი განვითარება. შემთხვევითი როდია, რომ ქვეყნის მატერიალური წარმოების სფეროში გადამწყვეტ როლს თამაშობენ მსხვილი კორპორაციები: „ფილიპ მორისი“, „ჯენერალ მოტორსი“, „ფორდი“, „ჯენერალ ელექტრიკი“, „მობილი“, „ბოინგი“ და ბევრი სხვა. მსოფლიო ტრანსნაციონალურ კორპორაციათა შორის 2/5 ამერიკულია, რომელთა მეშვეობით აშშ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სხვა დიდი ქვეყნების ეკონომიკასა და პოლიტიკაზე.

ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერე დაფუძნებულია მაღალი დონის განათლებასა და მეცნირებაზე, ტრანსპორტზე, კომუნალურ, ენერგეტიკულ, ეკოლოგიურ და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებზე. ყოველივე ეს კი სათანადო პირობებს ქმნის აშშ-ს ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების მაღალი დონის შექმნისთვის, რომლის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ამერიკის სახელმწიფოსა და საზოგადოების მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Гордиенко Д. В. – Обеспечение экономической безопасности США при реализации интернациональных проэктов. http://www.fin.izdat.ru/journal/national/
  2. Кудинов В. В., Мухина Е. Г. – Некоторые особенности регулирования обеспечения экономической безапасности в США, журн. “Международная Экономика”, №12, 2020. https://panor.ru/articles/ nekotorye-osobennosti-regulirovaniya- obespecheniya- ekonomicheskoy- bezopasnosti-v-ssha/53671.html 
  3. Пушкарева Л. В. – Экономическая безопасность, учебник, М, 2018 https://sziu-lib.ranepa.ru/new_book/Html_01.19/pushkareva/pushkareva.html
  4. ВВП стран мира: доля стран в мировом ВВП https://fingeniy.com/vvp-stran-mira-dolya-stran-v-mirovom-vvp/
  5. Международная торговля США https://studme.org/54510/ekonomika/mezhdunarodnaya_torgovlya_ssha
  6. Промышленность США https://ru.wikipedia.org/wiki/ Промышленность_США
  7. Сельское хозяйство США https://geographyofrussia.com/selskoe-xozyajstvo-ssha/
  8. Электроэнергетика США https:// ru.wikipedia.org/wiki/ Электроэнергетика_США
  9. Экономическая безапасность - Национальная безопасность https://usacanada.jes.su/s268667300008239-2-1/
  10. Эволюция понятия “Экономическая безапасность” в США, в Западной Европе и Россий https://moluch.ru /conf/econ/archive/14/1765/